მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, მთავრობის 26 ივლისის დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა.
მათ შორის, დადგენილების მიხედვით, გაიწერა, თუ რა შემთხვევებზე არ გავრცელდება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
„ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
- საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება;
- პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
- არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე;
- თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.