ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის „ფრეგოს“ დამფუძნებლის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.
გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს. საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარი.
2019 წლის 29 ივლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია განცხადებაში.