სომხეთის პრემიერი - ქართულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განვიხილეთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა საქართველოს დარიალის ხეობაში, სტიქიისგან გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმაროს.

როგორც აბრაჰამიანმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხზე მან და ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

"დეტალურად განვიხილეთ, წუხელ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებული საკითხები და დახმარება აღვუთქვით საქართველოს ხელისუფლებას", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული კავშირი.

"გამოვხატეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო გავარღმავოთ არსებული ურთიერთობები. განვიხილეთ საკითხთა ფართო წრე, რომელიც მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეს ეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სომხურ-ქართული სამთავრობო კომისიის მუშაობას", - განაცხადა აბრაჰამიანმა.

მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილთან შეხვედრისას საუბარი ბაგრატაშენ-სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტში ახალი ხიდის მშენებლობასაც შეეხო.