დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. მისი ცნობით, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.
„დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს,“-წერს კეზერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, რომლის სახელთანაც რამდენიმე ბიზნესი იყო დაკავშირებული.
კერძოდ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2013 წელს წერდა, კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც აისახოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წლის ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი“ აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ და/ან დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან, რომელთა შორის იყო:
„ჯენერალ მედია“ - სარეკლამო გაყიდვების სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება;
„აუთდორ ჯი“ - გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია თბილისში, რომელსაც თბილისის მერიამ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეკლამო განცხადებების განთავსების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს კი „სმოდ ედვერთაიზინგი“ აკონტროლებდა, რომელიც, როგორც ირკვევა, დე ფაქტო, „აუთდორ ჯის“ შვილობილი კომპანია იყო.
კეზერაშვილთან დაკავშირებულ სარეკლამო სააგენტოთა შორის იყო ასევე: „მედია პორტი“, „ედ უინდფორსი“, „BSM ჯორჯია“.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის სიძე, მისი ბიზნესების ერთ-ერთი ნომინალური მმართველი იყო საქართველოში. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ დირექტორი იყო, რომელიც ფოთის პორტში მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. სწორედ აქ იკვეთებოდა კეზერაშვილის ინტერესები ფოთის პორტისადმი.
2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ „გალფის“ მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ (რომელიც „გალფის“ დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს „უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც „ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა დავით იაკობაშვილმა შეიძინა. იაკობაშვილი თბილისში დაბადებული, მაგრამ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენია.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა, დავით კეზერაშვილი კორუფციაში დაადანაშაულეს. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება უკრაინიდან საქართველოში ეთილის სპირტის შემოტანის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის, მისი საჯარო სამსახურში ყოფნის დროს. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, „ფულის გათეთრების“ და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების ბრალდებებით. თუმცა, არცერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღემდე არ დამდგარა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანმა, დავით კეზერაშვილმა საქართველო წლების წინ დატოვა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.