სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემები 2019 წლის ივნისში რეგისტრირებულ შემთხვევებს მოიცავს.
მათ შორის, ანგარიში მოიცავს ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპიუტერულ დანაშაულების სტატისტიკას. აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 1.68%-ია.
კერძოდ, 2019 წლის ივნისში რეგისტრირებული იყო სულ 119 ფაქტი, აქედან კი მხოლოდ 2 შემთხვევაა გახსნილი.
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით. მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284), კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285), კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286) და სხვა. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას (სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლები).