”კაზანტიპის” ეკონომიკური ეფექტი

სტანდარტული ერთადგილიანი ნომრის ფასი უკანასკნელ პერიოდში 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა

20 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული ფესტივალი, 1992 წლიდან ყოველწლიურად, ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში ტარდებოდა თუმცა, რუსეთის მხრიდან ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ფესტივალის ჩატარება ანაკლიაში გადაწყდა. თავად ფესტივალი 50 000 -ზე მეტ, სხვადასხვა ქვეყნიდან ოფიციალურად დარეგისტრირებულ წევრს აერთიანებს და მისი მასშტაბები, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები დაახლოებით 30 000 ადამიანის დასახვედრად ემზადებოდნენ, თუმცა რეალურად რამდენი ადამიანი იღებს მონაწილეობას და რამდენი ტურისტია უშუალოდ ფესტივალის ფარგლებში ჩამოსული, ამას ორგანიზატორები ჯერ არ ახმაურებენ. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია საჯარო 1 სექტემბერს გახდება.

„კაზანტიპის“ ჩატარების პერიოდში, ანაკლიაში მდებარე სასტუმროებში ყველა ნომერი დაკავებულია. ამასთანავე, საკმაოდ გაძვირებულია სასტუმროს ნომრების ფასიც. მაგალითად, სასტუმრო „ოქროს საწმისი“-ს სტანდარტული ერთადგილიანი ნომრის ფასი უკანასკნელ პერიოდში 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა.

„სასტუმროს ნომრებზე ფასების ზრდა გასული თვის ბოლოდან აღინიშნა. ცხადია, ერთი მხრივ ფასების ზრდა გამოწვეულია ანაკლიაში საკურორტო სეზონის გახსნითა და ტურისტების ნაკადის ზრდით, თუმცა ფასებზე საკმაოდ დიდი გავლენა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ანაკლიაში ჩატარებამ იქონია, რადგანაც ნომრების დიდი ნაწილის დაჯავშნა უშუალოდ ფესტივალის პერიოდისთვის მოხდა,“- აცხადებს სასტუმრო „ოქროს საწმისი“-ს ადმინისტრატორი ანა კვარაცხელია.

ტურისტების ნაწილი ნომრებს საოჯახო სასტუმროებში ქირაობს, რომელთა ფასიც დღე-ღამეში საშუალოდ 20-დან 80-ლარამდე მერყეობს. იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია იგი უშუალოდ ზღვის სანაპიროდან.

საინტერესოა,  რა ზეგავლენა ექნება მსგავსი ფესტივალების ჩატარებას ქვეყნის ეკონომიკაზე და რამდენად გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს?

როგორც ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, ”კაზანტიპის” ჩატარება საქართველოს ტურისტულ კონკურენტუნარიანობას გაზრდის, რის შედეგადაც უფრო მეტი ტურისტი ეწვევა ქვეყანას.

„საქართველოს, მისი ისტორიულ-გეოგრაფიული გარემოებებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს ტურიზმის ისეთ სახეობებში, როგორიცაა სამედიცინო, ექსტრემალური ან საგანმანათლებლო ტურიზმი, მაგრამ დასვენებაზე ორიენტირებულ ტურიზმში საკმაოდ დიდ კონკურენციას შავიზღვისპირეთში არსებული სხვა, ბევრად განვითარებული კურორტები გვიწევს. ამიტომ, ისეთი სახის ფესტივალები, როგორიც ”კაზანტიპია”, ერთ-ერთი მთავარი გზაა ჩვენი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ვინაიდან ის უამრავ ტურისტს იზიდავს და ზრდის მისი ჩატარების ადგილის ცნობადობას. თავის მხრივ, ტურისტული პოტენციალის ამაღლება ასეთ რეგიონებში, ინვესტიციების მოზიდვასაც უზრუნველყოფს. ამიტომ, მსგავსი ტიპის ფესტივალებს ყოველთვის მივესალმები. გარდა ამისა, იგი ეკონომიკის სხვა სექტორების წინსვლასაც ხელს უწყობს, რადგან ჩამოსულ ტურისტს ღამის გათევისა და კვების გარდა ბევრი სხვა სერვისიც სჭირდება. მაგალითად, ”კაზანტიპი” განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს,“-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძე ასევე ხაზს უსვამს იმ დადებით შედეგს, რაც ამ მცირე პერიოდში ფესტივალის ჩატარებამ ანაკლიის მოსახლეობას მოუტანა.

„ცხადია მსგავს ფესტივალებს საკმაოდ დიდი, რეგიონული ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლიათ. ვგულისხმობ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, რასაც აუცილებლად დავინახავთ ამ ფესტივალის დასრულების შემდეგ მიღებული ეკონომიკური შედეგების დათვლისას. პირველ რიგში, ეს ანაკლიის მოსახლეობის მიერ, საოჯახო სასტუმროებიდან მიღებულ შემოსავლებში ჰპოვებს ასახვას. გარდა ამისა, ჩამოსული ტურისტები საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ საკვებზე, გართობაზე, რაც ადგილობრივებისთვის დამატებით შემოსავლების მიღების საშუალებას იძლევა.“

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სისტემატურ ხასიათს ფესტივალის ანაკლიაში ჩატარება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რამე სახის მოლაპარაკებები ამ საკითხზე ”კაზანტიპის” პრეზიდენტ, ნიკიტა მარშუნოკთან არ ჰქონიათ.

„კაზანტიპის“ პიარმენეჯერის, ნინო სტურუას განცხადებით, ფესტივალის ანაკლიაში დარჩენა, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ შედეგებზე, რომელსაც აღნიშნული ფესტივალი წელს საქართველოს მოუტანს.

ლაშა კელიხაშვილი