პრემიერი რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებაზე - ასეთ ადამიანურ ინიციატივას ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფია

რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც ელემენტარულ პასუხისმგებლობას უკავშირდება. სამწუხაროდ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების საკითხზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია ამ სიტუაციაში დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

„მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივაზე. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები სწორედ იყო ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს დაბრუნდეს საქართველოში და გაატაროს ზაფხული თავის ოჯახთან. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, გვერდში ამოვუდგეთ, მითუმეტეს, როცა ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. სამწუხაროდ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი“,- განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად, კი რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები ითვლება.