ლარსის საბაჟოზე გამავალი გზა სავარაუდოდ ორ კვირაში აღდგება

წინასწარი ვარაუდით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გამავალი გზა ორი კვირის ვადაში აღდგება.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ვარაუდი მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე გამოითქვა.

"საბაჟო-გამშვები პუნქტი არის დაზიანებული. წყლის მასა შევარდა საბაჟოს შენობაში. დაზიანდა მესაზღვრეებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამუშაო ადგილები და როგორც თათბირზე გამოითქვა ვარაუდი, დაახლოებით ორი კვირის ვადაში მოხდება გზის აღდგენა. თუმცა, ესაა წინასწარი პროგნოზი იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ზუსტად არაა ცნობილი შესასრულებელი სამუშაოები", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დარიალის ხეობაში ღვარცოფის მოვარდნა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია. ჯანელიძის განმარტებით, ჰესის სათავო ნაგებობა სტიქიის ზონიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რის გამოც, მას არ შეიძლებოდა დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის მოვარდნასთან რაიმე გავლენა ჰქონოდა.

რაც შეეხება უშუალოდ თათბირს, ჯანელიძის განმარტებით, მასზე შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ცალკეულ სამინისტროებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები განესაზღვრა. ამასთან, მისი ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრო ორი დღის ვადაში მოახდენს მაგისტრალური გაზსადენის დროებითი ვარიანტის ამუშავებას, რის ფარგლებშიც სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტის აღდგენა შესაძლებელი იქნება.