„მეორედ მივმართავ მთავრობას, რადგან პირველ ჯერზე არანაირი გამოხმაურება მათი მხრიდან არ ყოფილა, რომ ხელი შეუწყონ ანაკლიის პროეტის სახალხო პროექტად გადაქცევას“, - განაცხადა იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მთავრობას შეეძლო ანაკლიის შესახებ კანონპროექტი შეემუშავებინა და განხილვა დაეწყო, მაგრამ, ეს არ გააკეთა, რაც მთავრობის მიმართ ეჭვს აძლიერებს.
„სავარაუდოდ, ჩვენი მთავრობა ორი უარესობიდან აირჩევს ერთ-ერთს. პირველი, რომლის დაშვებაც არ მინდა, რომ ანაკლია უბრალოდ გააჩეროს, რასაც ქართველი ერი არავითარ შემთხვევაში არ აპატიებს და არც მგონია, რომ ეს გააკეთოს მთავრობამ.
მეორე - შესაძლოა, ჩვენი მთავრობა თამაშობდეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გახანგრძლივებას, რადგან შესაძლოა, დაელოდოს მომენტს, როცა დასავლეთი უფრო გააქტიურდება და რუსეთი უფრო დასუსტდება და შესაბამისად, შეცვლილ მოცემულობაში ხელახლა დაიწყოს ეს ყველაფერი“, - აცხადებს ალაფიშვილი.
იურისტი ფიქრობს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება ახლა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის მშენებლობის წარმატებით დასრულება მათთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმით უნდა დაამტკიცონ.
„მე გახლდით ინიციატორი, რომელმაც ამ პროექტს უწოდა სახალხო პროეტი, ხალხის ჩართულობით და მაქსიმალური გამჭვირვალობით. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. მეტიც, მთავრობას შეეძლო, რომ ანაკლიის შესახებ კანონპროექტი შეემუშავებინა და განხილვა დაეწყო, ეს ხომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, მაგრამ არ გააკეთა, რაც მათ მიმართ ეჭვს აძლიერებს.
მოვუწოდებ მთავრობას ხელახლა, რომ იყოს თანმიმდევრული, შექმნას საკანონმდებლო გარემო, უზრუნველყონ ანაკლიის პროექტის რეალურად სახალხო პროექტად გადაქცევა. ამ პროექტში ხალხის ჩართულობა იქნება დამცავი თვითონ ხელისუფლებისთვისაც და ბიზნესისთვისაც იმიტომ, რომ ხალხის მაქსიმალური ჩართულობით ჩვენი ჩრდილოელი ვითომ კეთილისმყოფელი მეზობელი, თამამი ვეღარ იქნება, რომ ჩვენს მთავრობას კულუარებში მოსთხოვის რაღაც.
ასევე ანაკლიის პროექტის სახალხო პროექტად გადაქცევით მთავრობას მოუწევს ხალხთან ინტერაქცია. ბიზნესსაც მოუწევს ხალხთან ინტერაქცია, ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწვეტილება იქნება ანაკლიის პროეტის სახალხო პროექტად გადაქცევა“, -განაცხადა იურისტმა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 4 თვის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, წერილობით მიმართეს, რათა ანაკლიის პორტის განვითარებაში საზოგადოება აქტიურად ჩაერთულიყო.
ავტორი - ალექსანდრა ისპირიანი