37 წლის მერი მოსაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ახლა სხვა საქმითაა დაკავებული. სხვადასხვა ნივთს ახალ დანიშნულებას უძებნის და მერე მათგან სრულიად ახალ, განსხვავებულ, დეკორატიულ ნივთებს აკეთებს. როგორც თავად ამბობს, ეს საქმე ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ოცნება აისრულა და სახლი ააშენა საკუთარი დიზაინით, რომლის მშენებლობაშიც მთლიანად იყო ჩართული.
- ძირითადად გატცებული ვარ სახლის დეკორაციებით, ინტერიერის დეკორით. ზოგადად, დეკორატიული ნივთების შექმნით. ახლა ექსტერიერზეც გადავედი, რადგან სიღნაღში კოტეჯი ავაშენე და შესაძლებლობა მომეცა, ეზოში უფრო ფართოდ გამეშალა ფრთები და ბევრი ლამაზი ნივთი შემექმნა. ერთი მიმართულებით არ ვმუშაობ, ვიყენებ სხვადასხვა ნივთს. შეიძლება თაბაშირისგან გავაკეთო რაიმე ან წებოცემენტისგან, მინისგან და ასე შემდეგ.
- რამდენი ხანია, რაც მსგავს ნივთებს დამოუკიდებლად ქმნით?
- სავარაუდოდ, ბავშვობიდან, იმიტომ, რომ იმ პერიოდიდან დავიწყე თოჯინების შეკერვა, ქსოვა, ტანსაცმელსაც ვკერავდი, ფეხსაცმელიც მაქვს შექმნილი. გარკვეული პერიოდი, სტუდენტობის დროს, არაფერს აღარ ვაკეთებდი და მერე ისევ დავიწყე.
- გაქვთ კონკრეტული მასალა, რასაც ინტენსიურად იყენებთ თუ არ აქვს მნიშვნელობა და ეს იდეასთან ერთად მოდის?
- არანაირი ტექნოლოგია არ მაქვს. გონებაში მომდის სურათი, რა მინდა, რომ გავაკეთო. მერე უკვე ვფიქრობ, რისგან შეიძლება გაკეთდეს ის. შეიძლება, ძალიან უჩვეულო რამ იყოს და მისგან გავაკეთო სწორედ ის, რა იდეაც მაქვს თავში.
- ნივთებს მხოლოდ თქვენთვის ქმნით თუ ყიდით სადმე?
- ნივთებს სიამოვნებისთვის ვაკეთებ და ჯერ არც ერთი გამიყიდია. სკოლის პერიოდში მულტფილმის გმირი ("აბა დამაცადეს" მგელი) მქონდა შეკერილი და აუქციონზე გაიტანა ჩემმა მეგობარმა, 300 დოლარად შეფასდა, მაგრამ არ გამიყიდია. ვერ გავიმეტე. კედლის საათები მაქვს გაკეთებული და გაჩუქებული. ძირითადად ვჩუქნი, არაფერს არ ვყიდი.
- მარტო აკეთებთ თუ გეხმარებათ კიდევ ვინმე?
- მარტო ვაკეთებ, პირიქით, არ მიყვარს, სხვა რომ მეხმარება. მგონია, რომ ხელი მეშლება.
- გაქვთ რაიმე კონკრეტული მიმართულება, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ?
- ესე გამოკვეთილი არ მაქვს, მაგრამ ხისგან გაკეთებული ნივთები ალბათ უფრო ძალიან მომწონს.
- რა გაგიკეთებიათ ყველაზე დიდი ნივთი, რომელსაც ბევრი დრო დასჭირდა?
- სანათი გავაკეთე. რთული ასაწყობი იყო. მილი ვიყიდე, შემდეგ ეს მილი მოვაღუნინე, კარკასიც გავაკეთე, მილის დასადგამი სხვანაირად შევკარი და დეკორატიული ქვები ჩავყარე. ესაა ყველაზე დიდი ნივთი, რომელიც ახლაც ოთახში მიდგას.
- რა ხდება ხოლმე თქვენთვის შთაგონების წყარო?
- რაღაც გარემოში რომ ვხვდები, შეიძლება ვთქვა კონკრეტულ რამეზე, რომ ჩემთვის შთამაგონებელია და სხვას იგივე განცდა არ გაუჩნდეს. შეიძლება ნანახი მქონდეს რაღაცები და ესეც იყოს ჩემთვის შთაგონების წყარო, მაგრამ უფრო თავად მიჩნდება ხოლმე იდეა, რა შეიძლება გავაკეთო.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს საქმე?
- ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სამსახურიდან მოსული არც კი ვიცვლი ტანსაცმელს, ხანდახან ისე ძალიან მინდა რაღაცის გაკეთება. ღამით, საწოლიდანაც კი ავმდგარვარ და გამიკეთებია ის ნივთი, რისი იდეაც იმ წუთში გამიჩნდა.
- რაც შეეხება თქვენს საოცნებო სახლს...
- ჩემი პროექტია, იდეაც და შესრულებაც ფაქტობრივად, ფიზიკურად მუშაობაც მომიწია. ჩანაფიქრი კი ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, ვიდრე მიწის მეორე ნახევარს შევიძენდი. ხოლო შემდეგ ჩანაფიქრი რომ გაჩნდა, ვის არ მივმართე, "აწარმოე საქართველოშიც" დავწერე იდეა და არ დამიფინანსეს. თუმცა მაინც ავაშენე კოტეჯი... მანამდე გავიცანი მშენებლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამ პროგრამით დაფინანსებას ველოდებოდი. უარი რომ მომივიდა, ვუთხარი და გულითადი ხალხი აღმოჩნდა, განვადება გამიკეთეს. ავტომობილის საყიდელი ფულით ავაშენე კოტეჯი და ნაწილი განვადებით.
- დაახლოებით რა დაჯდა, გაქვთ დათვლილი? მხოლოდ კოტეჯი თავისი შიდა ინტერიერით?
- ავეჯით არა, მაგრამ თვითონ კოტეჯი, მთლიანად დასრულებული დაჯდა 16000 დოლარი. 2 კოტეჯია გადაბმული, იზოლირებული. ორივე ერთად 70 კვ.მ-ა.
- თბილისური სახლის ინტერიერშიც გაქვთ ცვლილებები შეტანილი, კედლები გაქვთ მოხატული...
- ამის კეთება უბეალოდ ძალიან მსიამოვნებს. მახსენდება, ერთხელ ახალი წლის ღამეს, დედა იყო ავად, გალოვიძახე სასწრაფო და ექიმები შოკში ჩავარდნენ, ისეთი ზღაპრული გარემო დახვდათ, გაუკვირდათ - "აქ ადამიანი ავად როგორ უნდა გახდესო".
- ამ გამოცდილების შემდეგ ხომ არ აპირებთ სხვებისთვის აშენებას ან დიზაინერობას?
- გასულ წელს დავამთავრე კურსები გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. შესაძლებელია სხვებსაც ავუშენო სამომავლოდ, რადგან მანამდეც არაერთ მეგობარს დავეხმარე ინტერიერის, ექსტერიერის და თუნდაც ნახაზების გაკეთებაში.მომწონს ეს ყველაფერი ძალიან. თითქმის ყოველდღე მოდიან მნახველები სიღნაღში, უყურებენ კოტეჯს, ათვალიერებენ, უღებენ ფოტოებს. ძალიან მოსწონთ... უცხოელებიც შემოდიან, აინტერესებთ, ვაქირავებ თუ არა და რადგან ვეუბნები, რომ ჯერ დასრულებული არ მაქვს, ამიტომ ცოტა ხნით ეზოში ჩამოსხდებიან, წარმატებას მისურვებენ და ეზოსაც უღებენ ფოტოებს და მეც - ხელთათმანებით რომ ვარ, ჩაქუჩით ან ხერხით.
წყარო: shin.ge