საავტომობილო ტარიფების თემა არ დახურულა - ტრამპი ევროკავშირს აფრთხილებს

ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის გაზრდის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა.

„ეს საკითხი ჩვენ შორის მოლაპარაკებებში არასოდეს მოხსნილა. ევროკავშირმა ძალიან დიდი ბარიერები აღმართა ამერიკული პროდუქციისთვის“, - დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნები სინდისიერად არ მოიქცევიან შტატებთან სავაჭრო საკითხებში, რაც ამ დრომდე გრძელდება, მაშინ ვაშინგტონი ევროპულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადს დააწესებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროპელები ამერიკასთან სავაჭრო პოლიტიკის გამო, მეტიც, მან ევროპას ჩინელებზე უარესი უწოდა. როგორც ცნობილია, შტატებმა და ევროკავშირმა ცალკეულ პროდუქციაზე გასულ წელს ერთმანეთს ტარიფები გაუზარდეს. ახლა კი ევროკავშირი ცდილობს რამენაირად აირიდოს საავტომობილო გადასახადები შტატებში ექსპორტისთვის.

კოკა კვირკველია