მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო  თავის ვალდებულებებს ასრულებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანინავსადგურის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური, მათ შორის პოლიტიზებული დისკუსიისა, ყველას ერთი ინტერესი აქვს - აშენდეს პორტი.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, ფერხდება თუ არა პროექტი ან ემუქრება თუ არა საფრთხე მის განხორციელებას, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი არის ერთი - ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ის აუცილებლად აშენდება. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დისკუსია, ზოგჯერ სპეკულაციაც და ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, თითქოს მთავრობას არ სურს პორტის მშენებლობა, არასწორია. შეგახსენებთ, რომ სწორედ მთავრობა იყო პორტის მშენებლობის ინიციატორი და 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებს. კონსორციუმს უკვე გადაეცა დაახლოებით 60 მილიონ ლარად კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო, სავარაუდოდ, ნოემბერში მშენებლობა დაიწყება.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საგზაო ინფრასტრუქტურა პორტის ამოქმედებამდე 6 თვით ადრე და ამ ვალდებულებას სახელმწიფო ვადაში შეასრულებს. მეტიც, მთავრობა დათანხმდა დამატებით გარანტიებსაც და თანახმაა, გადაუხადოს ინვესტორს კომპენსაცია, თუკი დროულად ვერ შეასრულებს გზის ინფრასტრუქტურის ნაწილში აღებულ ვალდებულებას.

მაია ცქიტიშვილმა ასევე განმარტა, რომ 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი კონსორციუმზე გაიცემა მას შემდეგ, რაც ინვესტორი მოახერხებს 520 მილიონი დოლარის მობილიზებას და ამ ვალდებულებასაც სახელმწიფო ჯეროვნად შეასრულებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.