ფრანგმა გამოგონებელმა მფრინავი დაფის მეშვეობით ინგლისის არხს გადაუფრინა

ფრანგმა გამოგონებელმა 40 წლის ფრანკი ზაპეტამ მფრინავი დაფის მეშვეობით ინგლისის არხს გადაუფრინა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ დუვრში ჩააღწია. აღსანიშნავია, რომ 36 კილომეტრის გაფრენა მან 20 წუთში შეძლო. გზაში ის მხოლოდ ერთხელ გაჩერდა საწვავის შესავსებად.

დუვრში დაფრენის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამაყობს საკუთარი მიღწევით და ბოლო 6 კილომენტრის გაფრენა, როდესაც ის ბრიტანეთის სანაპიროს მიუახლოვდა ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო მის ცხოვრებაში.

საფრენი აპარატი ზაპეტამ ტექნიკურ გუნდთან ერთად თავად შექმნა. ის 5 პატარა ძრავისაგან შედგება და 190 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. როგორც თავად აცხადებს, მფრინავი აპარატის შესაქმნელად ისინი ყოველდღე 16 საათს მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზაპეტამ პირველად ინგლისის არხზე გადაფრენა მიმდინარე წლის 25 ივლისს სცადა, თუმცა მისი მცდელობა წონასწორობის დარღვევის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა და ის წყალში ჩავარდა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა