„სახალხო აფთიაქი“ „ჩიკორისა“ და „მანნასთან“ ერთად ერთობლივ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებში ცხოვრების ჯანსაღი წესის უფრო მეტად პოპულარიზაციას. ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ჩიკორის“ ბრენდის ჩირს და „მანნას“ ჩაის დაეკვრება სპეციალური სტიკერი - „სახალხო აფთიაქი გირჩევთ“. ამ პროდუქციის შეძენის შემდეგ მომხმარებელი სტიკერს „სახალხო აფთიაქში“ წარადგენს, სადაც ის ნებისმიერ შენაძენზე 15%-იანი ფასდაკლებას მიიღებს. „სახალხო აფთიაქის“ დირექტორი, ხათუნა ვარდიაშვილი, აცხადებს, რომ პროექტი ამით არ დასრულდება და სამომავლოდ მასში სხვა პროდუქტების ჩართვაც მოხდება.
ცნობისათვის, „სახალხო აფთიაქი“ 15 წელია ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისათვის ის საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქით არის წარმოდგენილი, მათ შორის 45 არის რეგიონებში. („სახალხო აფთიაქი“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.)
„ყველა კომპანიას აქვს თავისი განვითარების გზა და საკუთარი ნიშა ბაზარზე. მაღალი კონკურენციის პირობებში მივხვდით, რომ ჩვენი უნიკალური ნიშა, რითაც შეგვიძლია მომხმარებელი მოვიზიდოთ, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გავაკეთოთ, არის ის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ცხოვრების ჯანსაღი წესის გათავისებაში. გვსურს, ჩვენი მომხმარებელი იყოს ყველაზე ჯანმრთელი და ყველაზე ნაკლებ მედიკამენტს მოიხმარდეს.
სწორედ ამიტომ ძირითადი აქცენტი გვაქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაზე. ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს წამალი. ჩვენი მომხმარებელი შესაძლოა გაოცდეს, რომ ფარმაცევტმა წამლის გარდა სხვა პროდუქტს გაუწიოს რეკომენდაცია, მაგრამ ეს არის გულწრფელი ზრუნვა მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, რასაც ისინი აუცილებლად დააფასებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიები და ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა „სახალხო აფთიაქის“ დირექტორმა ხათუნა ვარდიაშვილმა.
ასეთ პროდუქტებს შორის კი არის „ჩიკორის“ ჩირი და „მანნას“ წარმოებული ქართული ჩაი. სწორედ ეს პროდუქტები ჩაერთვება თავდაპირველად „სახალხო აფთიაქის“ ახალ პროექტში - „სახალხო აფთიაქი გირჩევთ“. კითხვაზე, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი „მანნასა“ და „ჩიკორზე“, ხათუნა ვარდიაშვილი პასუხობს, რომ ორივე კომპანია არის ქართული და აწარმოებს 100%-ით ნატურალურ ქართულ პროდუქციას, რომლის მიღებაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
„იცით, როგორი პრობლემაა ბავშვებში სიმსუქნე, მათ უყვართ ბევრი ტკბილეული. ვთვლით, რომ „ქარელის ხილის“ ჩირი ამ ,,მავნე“ ტკბილეულის ალტერნატივაა. ქლიავის ჩირიც, რომელსაც ეს კომპანია ამზადებს, არის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაკრეფილი პროდუქტისგან დამზადებული. ასევე ეკოლოგიურად სუფთაა „მანნას“ ჩაიც, რომელსაც არა მხოლოდ კარგი საგემოვნო თვისებები აქვს, არამედ გამოირჩევა უნიკალური ფორმულებით.
„ქარელის ხილის“ ჩირიც და „მანნას“ ჩაიც ჩვენს კონცეფციას ეხმიანება და პროექტში მათზე არჩევანი ამიტომაც გავაკეთეთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და პროექტს მალე სხვა პროდუქტებიც დაემატება“, - განაცხადა ხათუნა ვარდიაშვილმა.
„სახალხო აფთიაქის რჩეული ჯანსაღი პროდუქტი“ - ამ სტიკერით „მანნას“ და „ჩიკორის“ პროდუქცია ბაზარზე მიმდინარე კვირას გამოჩნდება. შესაბამისად, მისი შეძენის შემთხვევაში უკლებლივ ყველა მომხმარებელი აფთიაქში 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. „სახალხო აფთიაქის“ მისამართების გასაგებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - (032) 2 48 59 59; 579 79 51 60.
ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „მანნა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში 2017 წლის ივლისში გაიხსნა. თავდაპირველად კომპანია 4 სახეობის ჩაის აწარმოებდა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ასორტიმენტი 12 სახეობამდე გაიზარდა. დღეს „მანნას“ ბრენდით ბაზარზე გამოდის: კლასიკური მწვანე და შავი ჩაი, შავი ჩაი ბეგქონდარით, მწვანე ჩაი პიტნით (ერთჯერადი და დასაყენებელი); შავი ჩაი მოცვის ფოთლით და შავი ჩაი ასკილით, შავი ჩაი ლიმონით და მწვანე ჩაი ლიმონით. „მანნა“ სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.
„ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის ჩეხეთი, ლიეტუვა და ჰონკონგი. „ქარელის ხილის“ ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება. ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით. „ქარელის ხილიც“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.
„სინერჯი კაპიტალი“ სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.
გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის შესახებ.
1. განხორციელებული საინვესტიციო პროექტები
2. გუნდი
3. სიახლეები