ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%).
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთიდან (+9.6%) და სომხეთიდან (+3.2%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა,"-განაცხადა ქვრივიშვილმა.