გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 2020 წლის იანვარში დასრულდება

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, 2020 წლის იანვარში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ლაშა ჩხიკვიშვილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ახალი ბორდიურები, საავტომობილო გზა, გარე განათების ქსელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლი.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ი.ვეკუას (ამავალი) და ი.ხიზანიშვილის (ჩამომავალი) ქუჩები ცენტრალური დანიშნულების თითქმის პარალელური ქუჩებია, რომლის საშუალებით გლდანის რაიონის 8 მიკრორაიონის მცხოვრებლები უკავშირდებინ ქალაქის სხვადასხვა ქუჩებს და შიდა საუბნო გზებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა. ასევე, განხორციელდება ტროტუარების რეაბილიტაცია ახალი ბორდიურებით და მოეწყობა საავტომობილო სავალი გზის ნაწილი - ასფალტის ახალი საფარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს. საკომუნიკაციო სადენები მოექცა მიწის ქვეშ. მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი - ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე, დაახლოებით, 8 კილომეტრს შეადგენს. სარაბილიტაციო არეალში განთავსდება ახალი სახანძრო ჰიდრანტი - 22 ერთეული.

ამ ეტაპზე სამუშაოებს პარალელურ რეჟიმში კომპანია „ჯივიპი“ და თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს,” - განაცხადა ლაშა ჩხიკვიშვილმა.