რატომ არის აუცილებელი ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება - HUB Georgia-ს ანალიტიკოსის განმარტება

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შევიდეს ძალაში, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან, გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი დამტკიცება ჭიანურდება - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს ანალიტიკოსმა მაია კაციტაძემ, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტზე საუბრისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გაკონტროლდება, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ხორბლის ხარისხი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება დღის წესრიგიდან მოხსნის ფინანსთა მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის საჭიროებას, ხორბლის სამანქანო გადაზიდვების აკრძალვის შესახებ, რომლის ამოქმედებაც 1 ოქტომბერს იგეგმება.

- თქვენი შეფასებით, რას შეცვლის ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება?

-საქართველოს მიერ მოხმარებული 600,000-650,000 ტონა ხორბლიდან, თავად ქვეყანა აწარმოებს 10-15%, ხოლო დანარჩენი რაოდენობა იმპორტირებულია. ანუ წლის ჭრილში, საუბარია 500,000-550,000 ტონა ხორბლის იმპორტზე.

ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის შემოღებით, შესაძლებელი იქნება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თვალსაჩინო იქნება, თუ რა ხარისხის ხორბალი შემოვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ტრანსპორტით იქნა შესრულებული გადაზიდვა (მანქანა, გემი, რკინიგზა). ხორბალი შემოწმდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოებაზე მესამე მხარის - აკრედიტებული სუპერინტენდანტის მიერ. გადაზიდვის დაწყებამდე გათვალისწინებული იქნება სატრანსპორტო საშუალების შემოწმება მის ჰიგიენურ მდგომარეობაზე, რაც აღმოფხვრის ხორბლის დაუშვებელ პირობებში გადაზიდვას. მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეული მოქალაქე გარანტირებული იქნება მის რაციონში არსებული ხორბლიდან მიღებული პროდუქტების ვარგისიანობაზე.

-დღესდღეობით რამდენად აკმაყოფილებს საქართველოში იმპორტით შემოსული ხორბლის ხარისხი შესაბამის მოთხოვნებს?

-საზღვაო გზით შემოტანილ ხორბალში, ყოველთვის დაცულია ხარისხი და უსაფრთხოება. ეს განპირობებულია იმით, რომ ხორბლით ვაჭრობის შემთვევაში, საზღვაო გზა წარმოადგენს უპირობოდ აღიარებულ მეთოდს. შესაბამისად, უკვე არსებობს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული საერთაშორისო რეგულაციები, რისი დაცვა და კონტროლიც სავალდებულოა ყველა მონაწილე მხარისათვის.შედეგად, საზღვაო გზით შემოსული ხორბალი, ყოველთვის არის სანდო იმ მიზნებისათვის მოსახმარად, როგორც ეს დადგენილია ხარისხისა და უსაფრთხოების სერტიფიკატში.

თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, ზღვიდან შემოტანილი ხარისხიანი ხორბალი იშვიათი გამონაკლისი გახდა საქართველოს გადამამუშავებელი სექტორისთვის, ვინაიდან ქვეყანაში გამოჩნდა რუსეთიდან სამანქანო გზით, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოტანილი ნახევრად ლეგალური პრაქტიკულად, უსაბუთო ხორბლის სამანქანო, 25-ტონიანი, პარტიები.

საავტომობილო გადაზიდვით მიღებული ხორბალი ნამდვილად გულისხმობს შედარებით იაფ ფასს ზღვასთან მიმართებაში. მაგრამ ისმის მთავარი კითხვა: რის ხარჯზეა იაფი ასეთი გზით მიღებული ხორბალი? რას მოუტანს ქვეყანას ან თითოეულ მოქალაქეს რამდენიმე კაპიკის დაზოგვა?

- თქვენი აზრით, რა არის რუსული ხორბლის იაფი ღირებულების მიზეზი და აქვს თუ არა ამ ხორბალს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები?

-ქვეყანა პრაქტიკულად გადავიდა რუსეთის შიდა-სარეგიონო გადაზიდვებზე. რაც მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავს - ნებისმიერი გადამზიდავი მანქანის მფლობელი რუსულ რუბლზე, ნაღდი ანგარიშსწორებით, იძენს ხორბალს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო მოედნიდან. სწორედ იმიტომ, რომ საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვა არის ქვეყნის შიდა მეთოდი, იგი არ გულისხმობს აუცილებელ ხარისხობრივ კონტროლს. ხორბლის რუსეთში შეძენისას და შემდეგ ქვეყანაში იმპორტისას არ ხდება საქონლის ხარისხის თუ უსაფრთხოების გაკონტროლება. სავაჭრო მოედნებზე ხორბალი არ ექვემდებარება დამუშავებას, არ სუფთავდება და არ იქმნება სავაჭრო პარტია.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საავტომობილო გადაზიდვა ისეთი პროდუქტისთვის, როგორიცაა ხორბალი, არ არის ტრადიციული მეთოდი, შესაბამისად, ხშირად ხდება მოწოდების წყვეტა სხვადასხვა მიზეზით, ასე მაგალითად, 2018 წლის დეკემბერში მომხდარი პურზე ფასის მატება, გამოწვეული იყო სწორედ ასეთი წყვეტით. ასევე საგულისხმოა, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საჭირო ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, რისი მოწყობაც ამ ადგილას შეუძლებელია, ვერ ხდება ტვირთის გადაწონვა და შედეგად, თითოეული მანქანაზე 3-4 ტონა ხორბალი შემოდის საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით.

- რას გულისხმობთ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლაში?

- ერთ მოწოდებაზე, თითოეულ მანქანას კანონის თანახმად შუძლია არაუმეტეს 25 ტონის გადაზიდვა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მიმართულებით შესრულდა 34,000 რეისი, საიდანაც 60% - 20,500 რეისი შეადგენდა ხორბალს. გამოდის, რომ 2018 წელს საავტომობილო ნაკადით რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 510,000 ტონა ხორბალი. ავტომანქანის ტვირთამწეობის გათვალისწინებით, დასაშვები დატვირთვა არაუმეტეს 25 ტონა ხორბალია, მაგრამ ძირითადად, შემოაქვთ 28-29 ტონა. თუ დავიანგარიშებთ, მივიღებთ, რომ 20,500 საავტომობილო რეისის მეშვეობით, ქვეყანაში ყოველწლიურად შემოდის 70,000-72,000 ტონა აღურიცხავი ხორბალი. ამ ფაქტის გამო მხოლოდ, წელიწადში სახელმწიფო კარგავს დაახლოებით 5-6 მლნ. ლარს.

- როგორია თქვენი პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველო დიდი დოზითაა დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე ხორბლის იმპორტის კუთხით, როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე?

- რუსეთიდან სამანქანე გადაზიდვების ზრდა, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მიმართულებით ეკონომიკური ექსპანსია. ფაქტია, რომ საქართველოს ბოლო რამდენიმე წელია აღარ შემოუტანია ხორბალი არცერთი სხვა ქვეყნიდან, გარდა რუსეთისა. ეს კი განპირობებულია საავტომობილო გადაზიდვების დომინირებით ჩვენს ბაზარზე. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო ხორბლის 100% იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან.

ხორბლით ვაჭრობა, რომელიც მთელს მსოფლიოში ხორციელდება აშშ დოლარში (ვინაიდან საბირჟო საქონელია), ავტომობილით ვაჭრობისას სრულდება მხოლოდ რუსულ რუბლში, მხოლოდ ნაღდი ფულის სანაცვლოდ, რომელსაც გადამზიდავი იძენს საქართველოში და ამით ხელს უწყობს რუსული რუბლის კურსის გამყარებას. გარდა ამისა, საერთოდ არ ექცევა ყურადღება ხორბლის შემდგომი გამოყენების მიზნობრიობას (საფურაჟე თუ საწისქვილე); და შემოდის მხოლოდ ერთი სახის ჩანაწერით - "ხორბალი", როდესაც საზღვაო გადაზიდვებისას ხდება როგორც მინიმუმ 13-15 იდენტიფიკატორის განსაზღვრა და კლასის მინიჭება.

ქვეყანაში არსებული საწისქვილე მეურნეობები, რომელთათვისაც ხორბლის ხარისხი უწინარესი იყო და მათ შორის კონკურენცია სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობდა, ახლა ორიენტირებულნი არიან მხოლოდ საფასო პოლიტიკაზე - ხარისხი უგულვებელყოფილია. ეს შედეგი დადგა სამანქანე მოწოდებების ხარჯზე. წისქვილები და სატრეიდერო კომპანიები ვეღარ ხედავენ აზრს განახორციელონ საზღვაო მოწოდებები, ვინაიდან ნახევრად ლეგარლური სამანქანე მოწოდება ყოველთვის უფრო შეღავათიანი იქნება ფასით, გასაგები და ზემოთაღწერილი მიზეზების გამო. შესაბამისად, წარმოებული პროდუქტის ხარისხი და მისი უვნებლობა ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხად იქცა.

- პრობლემის მოგვარების გზად რას ხედავთ?

-პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს ყველასათვის მისაღები გამოსავალი - ხორბლის ხარისხორბრივი (ტექნიკური) რეგლამენტის შემოღება. აღნიშნული დოკუმენტი მზადაა და არეგულირებს ბიზნეს ოპერატორის მიერ ხორბლის ბაზარზე განთავსების პირობებს, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების დაცვის ჩათვლით. ასევე, ცვლილებები დაგეგმილია საბაჟო კანონმდებლობის და ნაღდი ფულის მიმოქცევის წესებთან დაკავშირებით. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან, გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი დამტკიცება ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე თანხმდება, რომ ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს გადამამუშავებელი სექტორის კვლავ თავის რელსებზე დაბრუნებას, რაც ნიშნავს, რომ აღდგება სწორი კონკურენცია ბაზარზე, ხარისხიანი საქონლის გამოყენების კუთხით (და არა მხოლოდ ფასის მხრივ), ასევე შესაძლებელი გახდება ქვეყანაში ხორბლის ნებისმიერი ტრანსპორტით შემოტანა, ხოლო ხორბლის ფასი, ყველა გადაზიდვის შემთხვევაში, იქნება ერთნაირად კონკურენტული.

აღარ გახდება საჭირო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის №357 ბრძანების გადავადება და/ან ძალაში დატოვება, რაც სახელმწიფოს თავიდან აარიდებს ავტომანქანის მძღოლების საპროტესტო აქციებს ხორბლის ავტომანქანებით გადაზიდვების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში კვლავ გაჩნდება ხორბლის სტრატეგიული მარაგი, რაც ძალიან სჭირდება საქართველოს სასურსათო სტაბილურობისა და ეკონომიკური სირთულეების გადალახვისთვის.

მარიამ ტიტვინიძე