1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატა, ჯერჯერობით ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.
როგორც სილაგავა აცხადებს, “ბიზნესმა ვერ დაინახა იმისი ორიენტირები, სტაბილური იქნებოდა თუ არა ლარის კურსი და გაგრძელდებოდა თუ არა გაუფასურება”.
“დღესდღეობით წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარის ფარგლებშია. ზოგან 49 ლარიც ღირს და 51 ლარიც. ეს ფასი ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე და დღეს ამ მოცემულობაში ვართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით ლარის კურსი სტაბილიზაციისკენაა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერჯერობით, ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება. ძირითადი უარყოფითი ფაქტორი ჩვენთან, ეს არის ლარის კურსის ტენდენცია, რადგან დაახლოებით 2.75 კურსზე იყო ფასები დაგეგმილი. გარკვეული გარდამავალი მარაგები ქვეყანაში არის, მაგრამ პროდუქტის ყოველი შემდგომი შემოტანა უფრო ძვირი ჯდება,” - აცხადებს ლევან სილაგავა.
ლევან სილაგავა კონკურენციის სააგენტოს მიერ ბიზნესასოციაციებისა და კომპანიების მხრიდან ფასების შესაძლო ზრდის დაანონსებით დაინტერესებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკურენციის შეზღუდვას ადგილი არ აქვს და საქმე ქვეყანაში არსებულ უარყოფით ტენდენციას ეხება, რომელიც ლარის გაუფასურების სახით ყველა კომპანიაზე აისახა.
„არამარტო ჩვენთან მოხდა ფასების კორექტირება, არამედ მოგეხსენებათ, ბევრმა ბიზნესასოციაციამ, ბევრმა კომპანიამ განაცხადა, რომ ლარის კურსიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნათ ფასებთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით შემდეგ იყო კონკურენციის სააგენტოს განცხადებაც. რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტო ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ბაზრის კვლევა ან მონიტორინგი განახორციელოს და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ეს რომ მხოლოდ ერთი დარგის საკითხი იყოს, კიდევ შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, თუმცა როდესაც ამ საკითხზე რამდენიმე ასოციაცია, არაერთი კომპანია საუბრობს და გვაქვს ისეთი გაცვლითი კურსი, როგორიც დღესაა, ეს უკვე ტენდენციაა. უფრო ფართოდ უნდა შეხედონ ამ პრობლემას, ეს მხოლოდ ერთი დარგის პრობლემა არაა,“ - აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, დეკემბრიდან მოყოლებული ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ისედაც აქტიური მონიტორინგის პროცესში არიან და თუ დამატებითი კითხვები იქნება, მზად არიან თანამშრომლობისა და სწორი კომუნიკაციისთვის.
„ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის, კონკურენციის სააგენტოს ან რომელიმე სამინისტროს თემა არაა, სისტემური მუშაობაა ამ კუთხით საჭირო. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის, სამინისტროების, კონკურენციის სააგენტოს, ეროვნული ბანკის ჩართულობით გაიმართოს შეხვედრები. გვინდა, რომ ერთიანი პოლიტიკა დავინახოთ, ჩვენ ბიზნესის პროგნოზირებადი გარემო გვინდა,“ - განაცხადა სილაგავამ.