„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა - „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატები თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე დაინიშნებიან.

„მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, - „თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან), ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში, განსაკუთრებით ამ რეგიონში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელოვანი უნარებითა და გამოცდილებით გააძლიერებენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რაც უზრუნველყოფს ამერიკული და ევროპული ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენას ანაკლიის პორტის პროექტში“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ამჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით: „ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები“.

კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს, ასევე, შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი.

რ. მაიკლ ქაუგილი: უკვე 21 წელია საქართველოში მოღვაწეობს. იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ენერგეტიკისა და მრეწველობის მართვის საკონსულტაციო ფირმის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. მას აქვს 42 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 40 ქვეყანაში ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში ყველა ფაზის პროექტების მართვის გამოცდილება პროექტის/მშენებლობის მენეჯმენტზე ფოკუსირებით; ასევე გამოცდილება გარემოსდაცვითი, რეგულატორული ჩარჩოს და სტრატეგიული ანალიზის, ოპერაციული რისკების მართვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და გლობალური ბიზნესგანვითარების მიმართულებებით. 1999-2003 წლებში ბატონი ქაუგალი იყო საქართველოს მთავრობის მრჩეველი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ნავთობი) და სამხრეთ კავკასიის (ბუნებრივი აირი) მილსადენების პროექტების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობას უწევდა სტრატეგიულ, რეგულატორულ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბატონი ქაუგალი არის რამდენიმე სამეთვალყურეო საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს, ასევე, საზედამხედველო კომიტეტის წევრი. იგი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ფლობს მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს კანზასის უნივერსიტეტიდან, ასევე ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს ბერკლის უნივერსიტეტიდან, ხოლო ამჟამად არის დოქტორის ხარისხის კანდიდატი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში.

თედ ჯონასი: იურიდიული განათლება და საადვოკატო პრაქტიკის უფლება მიიღო ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, აშშ. თავისი 35-წლიანი გამოცდილებით, ბატონი ჯონასი შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოში. 2005-2014 წლებში იგი იყო საერთაშორისო იურიდიული ფირმის „DLA Piper საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, ხოლო ამჟამად არის „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ბატონ ჯონასს ნამუშევარი აქვს საქართველოში მსხვილ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ნავთობის მილსადენების, ელექტროენერგიის გადამამუშავებელი საწარმოების, პორტებისა და სატვირთო ტერმინალების პროექტებზე. მისი კლიენტები მოიცავს დეველოპერებსა და პროექტის დამფინანსებელ მხარეებს, მათ შორის მრავალმხრივ და სუვერენულ განვითარების ბანკებს. 1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო პრაქტიკის დაწყებამდე, ბატონი ჯონასი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე და დახმარებას უწევდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ორ წევრს. ის არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მოქალაქე, ფლობს ქართულ ენას და უკვე მრავალი წელია, ცხოვრობს თბილისში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს გარდა, ბატონი ჯონასი არის საქართველოს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტისა“ და გერმანული საკონსერვაციო ტრასტის - „კავკასიის ბუნების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ეს უკანასკნელი ემსახურება სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას. ბატონმა ჯონასმა 1984 წელს მოიპოვა ისტორიის ბაკალავრის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში და 1991 წელს სამართლის დოქტორის ხარისხი (J.D., cum laude) კორნელის სამართლის სკოლაში.

ჟან-პატრიკ ვუაზა: კერძო ინვესტიციებში სპეციალიზებული ფრანგული ფინანსური ჰოლდინგის, „Concorde Capital“-ის (სათავო ოფისით პარიზში) პრეზიდენტი. 1980 წლიდან ბატონ ვუაზას ეკავა აღმასრულებელი და სამეთვალყურეო პოზიციები სხვადასხვა კომპანიებში სამშენებლო, ჯანდაცვისა და ფინანსურ სფეროში - საფრანგეთში, შვედეთში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ბატონი ვუაზა ფლობს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხს ESSEC-ის ბიზნეს სკოლიდან. ამჟამად, ბატონი ვუაზა არის ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანიის - „Magnisense SE-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჰოლანდიური „GRDC BV-ის“ (საინვესტიციო კომპანია, რომელიც ფლობს აქტივებს საქართველოში) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ასევე საქართველოში მოქმედი „ახალი სამშენებლო კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბატონი ვუაზა საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეა.