2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ „მაგთიკომი“ იკავებს. ამის შესახებ, ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდა, მხოლოდ „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) დაუფიქსირდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში „ვიონი საქართველოს“ შემოსავალი- 2.6%-ით არის გაზრდილი; „სილქნეტს“/“ჯეოსელს“ შემოსავლების - 1.8 %-იანი, ხოლო „მაგთიკომს“ - 0.8%-იანი კლება უფიქსირდება.
კომისია კომპანიათა მობილური ინტერნეტის აბონენტების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, „ვიონი საქართველოს“ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 21%-ით, „მაგთის“ კი - 2%-ით გაიზარდა. ხოლო, „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა 0.5%-ით შემცირდა.