"ჩემს ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ტაქსის მძღოლები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ტაქსების რეფორმის პროექტი „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს პროექტის ჩავარდნას ის ფაქტი, რომ ტაქსის მანქანის თეთრად გადაღებვის ვაუჩერი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მძღოლს აქვს აღებული, მაშინ როცა დედაქალაქში 31 500-ზე მეტი ტაქსია, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ იმ ტაქსის მძღოლების რაოდენობის ზრდას ელოდება, ვინც ავტომანქანას თეთრად გადაღებავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერმა განუცხადა, ოქტომბრამდე ჯერ კიდევ არის ვადა და შესაბამისად, მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, გადაღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა არ გადაიწევს და 10 აგვისტოს დასრულდება.

„პროექტი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვადა ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ჩვენი მხრიდან იყო ყველანაირი ხელშეწყობა, ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდათ ამ ადამიანებს. დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს წარმატებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანია „ალმას“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და თეთრ ტაქსებზე რეკლამების განთავსების უფლება მოიპოვა, კითხვაზე: ხომ არ გაეწევა მას რაიმე შეღავათი იმ ფონზე, როდესაც თეთრად გადაღებილი ტაქსების რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, კალაძემ აღნიშნა, რომ პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული.

„პროცესი გრძელდება. ოქტომბრამდე გვაქვს დრო და შესაბამისად პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტაქსით მომსახურების ნებართვა 31 547 მანქანაზეა გაცემული, გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერი კი, გასული კვირის მონაცემებით, მხოლოდ 1620 მძღოლს ჰქონდა აღებული.