ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კულტურის ეროვნული ფონდის დაფუძნების ინიციატივას.
მისი თქმით, კულტურის ეროვნული ფონდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა უნდა გახდეს.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო მისიის ფარგლებში განხილული იყო კულტურის ფონდის დაფუძნების მნიშვნელობა საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. ეს ნაბიჯი გახლავთ ევროკავშირის ექსპერტთა რეკომენდაციებთან თანხვედრაში და მოგვცემს საშუალებას არა მხოლოდ გავაერთიანოთ და კონსოლიდაცია მოვახდინოთ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების, რომლებიც ამა თუ იმ კულტურული ღონისძიებისა თუ ინიციატივის დაფინანსებისთვის არის მოწოდებული, არამედ ეს გახდეს პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც კერძო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური რესურსების მოზიდვას საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების სფეროებში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბათიაშვილის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში შეიქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება.