ადამიანის უფლებები და ის ბაზისური საჭიროებები, რომელიც ყველა საზოგადოებაში აქვთ მოქალაქეებს - ჯანდაცვა, სათანადო საცხოვრისი, უსაფრთხოება - ჩვენი გუნდის პრიორიტეტია და მომავალშიც ასე იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელმისწვდომი ჯანდაცვა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა სწორი პრიორიტეტია. თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი პროგრამას - „35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად“ - მხარს უჭერს.
„ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არის სწორი პრიორიტეტი. პარლამენტი მხარს უჭერს და მიესალმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული ამ პროგრამის მონიტორინგში, რათა მისი ადმინისტრირება, ელექტრონული რეცეპტების გამოყენება მომავალში და ის მექანიზმები, რომელიც შეუფერხებლად უნდა უზრუნველყოფდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, განხორციელდეს ზუსტად ისე, როგორც ეს იყო თავიდანვე ჩაფიქრებული.
ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტში ვიქნებით საზოგადოებასთან და ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველი, ვინც პროგრამის მუშაობას შეაფასებს და განიხილავს, იქნება პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი. ბუნებრივია, ადამიანის უფლებები და ის ბაზისური საჭიროებები, რომელიც ყველა საზოგადოებაში აქვთ მოქალაქეებს - ჯანდაცვა, სათანადო საცხოვრისი, უსაფრთხოება - ეს არის ჩვენი გუნდის პრიორიტეტი და მომავალშიც ასე იქნება. ეს არ არის პირველი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება თქვენთან ერთად დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის მაგალითია საყოველთაო ჯანდაცვა, პენიტენციური სისტემის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინიციატივა. ეს და სხვა მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანი როგორც ღირებულება რჩება და არის ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს აზროვნების მთავარი ცენტრი. თქვენთან ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ღირებულება მომავალშიც შევინარჩუნოთ. 2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან საინტერესო პროგრამა გვექნება და მერწმუნეთ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც არის ევროპა და ევროპული ღირებულებები,“ - განაცხადა თალაკვაძემ.