მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 117 მილიარდი დოლარი დაკარგეს

დედამიწაზე მცხოვრებმა 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების 2,1% ერთ დღეში დაკარგეს. ამის მიზეზი კი ამერიკული საფონდო ბირჟების წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა გახდა.

Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი მილიარდერებიდან 21-მა სულ ცოტა 1 მილიარდის ქონება დაკარგა. ამის მიზეზი აშშ-ჩინეთს შორის გართულებული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელზეც რეაგირება მოახდინა ბაზარმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება 3,4 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა 110-მილიარდიანი ქონებით ის კვლავ რჩება ნომერ პირველ უმდიდრეს ადამიანად პლანეტაზე.

დანაკარგი განიცადეს აზიელმა მილიარდერებმაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე მონაწილე აზიური კომპანიების ყველაზე მდიდარმა 10-მა მილიარდერმა 1 დღეში 19 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

მიუხედავად ამ ვარდნისა, მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანი მაინც ფლობს 5,4 ტრილიონი დოლარის კაპიტალს, ეს კი 11%-ით მეტია 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით.

კოკა კვირკველია