ბათუმში "ბუდა-ბარი" დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ბათუმში კაფე-ბარი და რესტორანი დახურა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს President Plaza Hotel-ის კუთვნილ "ბუდა-ბარსა" და ქუთაისის ქუჩაზე - რესტორან "მიუნჰენში".

მათივე ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ხბოს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც "ბუდა-ბარსა" და რესტორან "მიუნჰენს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი დაილუქა, ბიზნესოპერატორები კი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მდებარე ი/მ "აფიგ ალაზოვის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2, რის გამოც ი/მ "აფიგ ალაზოვი" 1000 ლარით დაჯარიმდა.