თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მთაწმინდაზე საბაგიროს პროექტი სხვა ლოკაციაზე განხორციელდება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიას ჰქონდა მოლაპარაკებები რამდენიმე მცხოვრებთან, რომელთა განსახლებაც აუცილებელი იყო პროექტის იმ ადგილზე განხორციელებისთვის, რომელიც თავდაპირველად შეირჩა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, რადგან ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა იქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახის განსახლება, თუმცა იმის გამო, რომ ვერ მოხდა მოლაპარაკება საკუთრების გამოსყიდვაზე ფასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს. პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება, მაგრამ არა იმ კონკრეტულ ნიშნულზე და ადგილზე, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, არამედ სხვა ადგილზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.