ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტზე სვამენ კითხვებს, ხელს უწყობენ ამ კითხვების გამრავლებას ან ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენ შესაძლოა მხარს აღარ ვუჭერთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება პირნათლად ასრულებს პროექტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და მხარს უჭერს პროექტს.
„ხელისუფლების მხრიდან არის ერთადერთი განცხადება, რომ ანაკლიის პროექტი არის ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი, ხელისუფლება ყველა ვალდებულებას ასრულებს ამ პროექტის განსახორციელებლად, იქნება ეს მიწების გამოსყიდვა, სუბორდინირებული სესხის გაცემა, გზის და რკინიგზის გაკეთება.
ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აქვს, პირნათლად სრულდება. გარდა ამისა, სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურ, ისე საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს და უშუალოდ არის ამ პროექტის მხარდამჭერი.
ანაკლიის პორტი, აეროპორტები, ახალი ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ეკონომიკური კურსის ნაწილი, შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტზე სვამენ კითხვებს, ხელს უწყობენ ამ კითხვების გამრავლებას, ან ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენ შესაძლოა, მხარს აღარ ვუჭერთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის და იმ დეზინფორმაციის ნაწილი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
ვთხოვ ყველა მხარეს, ვინც იმეორებს ამ მესიჯებს, ვინც ხელისუფლებას აბრალებს, კარგად დაფიქრდნენ, ამით ხელს უწყობენ თუ სინამდვილეში ხელს უშლიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.