განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მედიაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით „მთავრობა 105 მილიონ ევროს სესხულობს იმისთვის, რომ საჯარო შენობები განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიებით აღჭურვოს“.

სრული კატეგორიულობით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მცდარ და გადაუმოწმებელ ფაქტებს და წარმოადგენს ეგრეთწოდებული „ფეიკ ნიუსის“ საუკეთესო მაგალითს.

პროექტი, რომლის დაფინანსებაზეც გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, რეალურად წარმოადგენს საქართველოში საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს, რომლის განხორციელებაზეც სახელმწიფო მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და მშენებლობას ენერგოეფექტურობის პრინციპებისა და ტექნოლოგიების დაცვით.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, სკოლების შერჩევა.

სკოლების ენერგოეფექტურობის მიმართულებით ქვეყანაში სხვა არა ერთი პროექტიც ხორციელდება. ევროსაბჭოს განვითარების ბანკის (CEB) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვის თანამშრომლობის ორგანიზაციის (E5P) ფინანსური მხარდაჭერით დაწყებულია თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი. ამავე მიზნებით განხორციელდება პროექტები სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი განათლებაა და ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს განათლების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სკოლის შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი გარემოზე ზემოქმედების ზიანისა და კომუნალური ხარჯების შემცირებას.

მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში, თემის არასწორი ინტერპეტაციით მიწოდება კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაცია, რომ „მთავრობა 105 მილიონ ევროს სესხულობს იმისთვის, რომ საჯარო შენობები განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიებით აღჭურვოს“, სააგენტო presa.ge-მ გაავრცელა