ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული სიახლე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში გააცნო.
კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. შედეგად მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. დღეიდან კი ესტაკადაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემაც მოიხსნა.
თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ესტაკადის მიმდებარედ სკვერის მოწყობასა და შუქნიშნის გაუქმებაზე.
„აქ არის კონკრეტული სივრცე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, შეგვექმნა დასასვენებელი ადგილი და ამას გავაკეთებთ. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამდენად, სკვერის მოწყობას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სიახლე: გელოვანის გამზირზე არსებული შუქნიშანი დროებით მოქმედი დავტოვეთ, რათა ფეხით მოსიარულეებს გამზირის მეორე მხარეს გადასვლა შეძლებოდათ. ამასთან, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ესტაკადაზე ასასვლელი კიბეები მოეწყო. შესაბამისად, აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება და ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. კიბის უჯრედების მოწყობის გარდა, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტებიც დავაყენეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„ადგილზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე, რომელმაც დამატებით განმარტა მარშალ გელოვანის გამზირზე შუქნიშნის გაუქმების საკითხი. მისი განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი გზა გაფართოვდება და აჩქარების ზოლი მოეწყობა, რის შემდეგაც აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.