"სითი პარკის" ხელმძღვანელმა მერიასთან თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის შესახებ ისაუბრა

"კომპანია "სითი-პარკის" გენერალური მენეჯერის, ბენი ლაჰავის განცხადებით, თბილისის მერიასთან თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის შესახებ ყოფილი მერის, გიგი უგულავასგან ტელევიზიით შეიტყო.

ამის შესახებ ბენი ლაჰავმა მერიაში, თბილისის მთავრობის წევრებთან მიმდინარე შეხვედრაზე განცხადა.

როგორც "სითი-პარკის" გენერალურმა მენეჯერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და მის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ცნობილი სწორედ უგულავას მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.

ლაჰავის ამ განცხადების შემდეგ, თბილისის მთავრობის წევრები მისგან იმითაც დაინტერესდნენ, თავდაპირველი ხელშეკრულებით გაწერილი პირობების დარღვევის გამო, მოითხოვა თუ არა "სითი პარკმა"'თბილისის მერიისგან კომპენსაცია, რაზეც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელი ზარალის კომპენსირება ახალ ხელშეკრულებაში ჩადებული რიგი ცვლილებით მოხდა. მის ამ განცხადებას რეპლიკით უპასუხა თბილისის მერმა: "ახალი ხელშეკრულებებით თქვენ არა თუ დაგიკომპენსირდათ შემოსავლები, არამედ მეტიც გაქვთ მიღებული - ანუ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდით, ვიდრე ხელშეკრულების სასტარტო პირობებით იყო გათვალისწინებული", - მიმართა კომპანიის ხელმძღვანელს დავით ნარმანიამ.

"სითი პარკის" ხელმძღვანელობის მოსმენა თბილისის მერიაში ამ დრომდე გრძელდება. გიგი უგულავას მერობის პერიოდში "სითი პარკთან" თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა და ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მომსახურების გაზრდილი ტარიფები დაწესდა.