პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის რაიმე ცვლილება არ არის, - ამის შესახებ კომპანია „ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ პანკისში 5 მეგავატიანი ჰესის, „ხადორი - 3“-ის ადგილობრივების პროტესტის გამო შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
როგორც პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი აცხადებს, მას კომუნიკაცია აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე ადგილობრივებთან, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ძვრები არ არის.
„კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, გვაქვს ორივე მხარესთან, თუმცა ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ძვრები არ არის,” - აცხადებს იორდანაშვილი.
კითხვაზე, რა სახის ზარალი მიიღო კომპანიამ, რომელსაც ჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მშენებლობის პროცესი დღემდე დაწყებული არ არის, ლაშა იორდანაშვილი აცხადებს, რომ მრავალი ტიპის ზარალი არსებობს, მათ შორის მოცდენით, ასევე ზარალი, რომელიც კომპანიას სესხის პროცენტის გადახდით ადგება.
„ზარალზე სხვადასხვა კუთხით შეიძლება ვიმსჯელოთ. თუ მეკითხებით მოცდენამ რა ზარალი მოგვაყენა, ჩვენ არ ვიცით ეს მოცდენა რა ვადითაა, რომ ამაზე ზუსტად ვისაუბროთ. კიდევ ცალკე საკითხია ის ზარალი, რომელსაც ჰესის არარსებობა იწვევს. კომპანიის მიუღებელ შემოსავალს რომ თავი დავანებოთ, დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდეა მხოლოდ საბანკო პროცენტის გადახდიდან ზარალი. თუ ჰესი საერთოდ არ აშენდება, ზარალად ჩაითვლება აქამდე გაწეული სამუშაოების ღირებულება, რაც რამდენიმე მილიონი დოლარია. ცალკეა სახელმწიფოს ზარალი, რომელიც იმის ფონზე ადგება, რომ ბალანსში შეტანილ ელექტროენერგიას ვერ მიიღებს და იმპორტი გახდება საჭირო ფორსმაჟორის დროს,” - აცხადებს იორდანაშვილი.
რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა თუ არა რომ პანკისში ჰესი საერთოდ არ აშენდეს, იორდანაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვის ქონის მიუხედავად, ჰესის არაშენების პრეცედენტი არ ყოფილა, თუმცა უჭირს იმაზე საუბარი, იქნება თუ არა პანკისის შემთხვევა პრეცედენტული.
„ასეთი შემთხვევა დღემდე არ ყოფილა. არ ვიცი, იქნება ეს შემთხვევა თუ არა პრეცედენტული. ჯერ ამაზე საუბარი მიჭირს. ეს არის კანონდარღვევით შეჩერებული სამშენებლო პროექტი,” -აცხადებს ლაშა იორდანაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ აშენებენ.