ღვინის ეროვნული სააგენტო - ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან ყველა შეესაბამებოდა სტანდარტს

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის ივლისში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 20 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან ყველა შეესაბამებოდა ლაბორატორიის ოქმში მოცემული ღვინოების ფიზიკოქიმიურ მახასიათებლებს და შედეგად, ყველა მათგანს თანხმობა ეთქვა სერტიფიკატის გაცემაზე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 23 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 789 ნიმუში, მათგან 62 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 727 დადებითად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, ხარისხის კონტროლი მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შედეგად, ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია, რაც მუდმივი და შეუქცევადი პროცესია.