ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის „საქართველოს ბანკის“ პროექტი, რომლით სარგებლობაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ. კალაძის განცხადებით, QR კოდით გადახდისას, მგზავრს თანხა ჩამოეჭრება საბანკო ანგარიშიდან და აისახება მძღოლის ანგარიშზე.

„ტაქსით მგზავრობისას შესაძლებელი ხდება QR კოდით გადახდა. ეს არის „საქართველოს ბანკის“ პროექტი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ალბათ, იცით, რომ ტაქსით მგზავრობისას არის შემთხვევები, როდესაც იხდი მზგავრობის საფასურს და შესაძლოა ხურდა არ ჰქონდეს ტაქსის მძღოლს. გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ეს. გარდა ამისა, ეს QR კოდი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ, ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშთან პირდაპირ იქნება მიბმული და გადახდილი თანხა მძღოლს ჩაერიცხება ანგარიშზე. ამით ერთგვარ ისტორიასაც შეიქმნის. ხშირია შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები, არ აქვთ საბანკო ისტორია, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს მათთვის, რადგან ვერ ყიდულობენ ავტომობილს.

„საქართველოს ბანკის“ აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ერთი ღილაკის დაჭერით ირთვება კამერა, რომელსაც დაადებთ ამ QR კოდს და თქვენ თვითონვე მიუთითებთ ტაქსის მგზავრობისთვის რა საფასურია გადასახდელი. ეს თანხა, რომელიც მგზავრს ჩამოეჭრება საბანკო ანგარიშიდან, აისახება მძღოლის საბანკო ანგარიშზე. ეს QR კოდები უფასოდ გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. მათ აღარ დასჭირდებათ ტერმინალები ბარათებისთვის. ეს არის საკმაოდ მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული საშუალება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „საქართველოს ბანკს“ ამ პროექტისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, ტაქსის რეფორმაზე საუბრისას კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს შეახსენა, რომ 10 აგვისტოს ქიმწმენდის, ასევე ავტომობილზე ფირის გადაკვრის და/ან შეღებვის ვაუჩერების გაცემა სრულდება. მერმა ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.