"ჩვენ განვიხილავთ პროექტს, რომლითაც ცოტნე დადიანისა და თამარ მეფის გამზირები ერთმანეთს დაუკავშირდება"

ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის გამზირის და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ამჟამად ცოტნე დადიანის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ამასთან დაკავშირებით ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც ჩვენ აყვანილი გვყავს და გვეთანამშრომლება იმისთვის, რომ ზოგადად ქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოწესრიგებული იყოს მარშუტების მიმართულება, მოგვცემს პროექტს დასამუშავებლად და ჩვენ უნდა დავამუშავოთ პროექტი, რამდენად შესაძლებელი იქნება ამის განხორციელება, ამიტომ ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ დაიწყოს მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის გამზირი დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირს, შესაბამისად ნაკადები გადმოვა თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად ცოტნე დადიანის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანპოსრტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტული გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ალბათ, ერთდონიანი პანდუსი უნდა განხორციელდეს პროექტის სახით, ვნახოთ, თუ კვლევები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პროექტი განხორციელებადი იყოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.