კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას - უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული, ვინც ამ მოთხოვნებს დაარღვევს, გქონდეთ მყისიერი რეაგირება, არ დაინდოთ არავინ

ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება, არ დაინდოთ არავინ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მიმართა.

მისი თქმით, დედაქალაქში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხშირად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა ყველაზე მთავარი შედეგია.

„ყველას გვინდა, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სადაც იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სადაც არ გვექნება მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა, იქნება კეთილმოწყობილი, იქნება გამწვანებული. ახალი მწვანე სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება უსაფრთხო. ზოგადად, როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების თემებს. ჩვენ, პირადად მეც, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამუშაოების დათვალიერება და არის შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე დასაჯარიმებელია, მათ მიმართ მკაცრი ზომები უნდა მიიღონ.

„მინდა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალური ყურადღება... ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება, არ დაინდოთ არავინ. იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანების უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ, როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ჩვენ ვთხოვთ კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო მიმართულებით კორპუსებს, სასტუმროებს აშენებს, პირველი, ჩვენმა კონტრაქტორებმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, დღეიდანვე იმოქმედეთ ამ მიმართულებით და თუ ვინმე დასაჯარიმებელია, მიიღეთ მკაცრი ზომები რომ მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.