"ვაჟა-ფშაველას #83-ში მეტროს შახტი თავისი ფუნქციით რჩება, მაგრამ ავტომობილებს მოძრაობა გზის აქცევის გარეშე შეუძლიათ"

„ვაჟა-ფშაველას #83-ში ავტომობილებს გადაადგილება შემოვლითი გზის გარეშე შეეძლებათ,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ადგილზე განთავსებული მეტროს შახტი ისევ შეინარჩუნებს გამნიავებლის ფუნქციას, თუმცა ავტომობილებს აღარ მოუწევთ მისთვის გზის აქცევა.

„დღეს დავასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ვაჟა - ფშაველას გამზირზე #83-ში მდებარე მეტროს შახტი, რომელიც ასრულებდა გამნიავებლის ფუნქციას. ათეული წლებია ეს შახტი სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. შემოღობილი იყო და ავტომობილებს უწევდათ შემოვლითი გზით გადაადგილება. ეს პროექტი უკვე დასრულებულია. შახტი, რა თქმა უნდა, თავისი ფუნქციით რჩება, მაგრამ ისეა გაკეთებული, რომ ავტომობილებს მოძრაობა გზის აქცევის გარეშე შეუძლიათ. გარდა ამისა, იქ სკვერი და გამწვანებაა მოსაწყობი, რომლის განხორციელებასაც ძალიან მალე დავიწყებთ. ასევე, დარჩენილია დახაზვითი სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კვირაში დავიწყებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.