მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა სხალთა-ხიხანის ხეობასა და გოდერძის ალპურ მარშრუტზე იმოგზაურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ინფოტურის მონაწილეებმა პირველ დღეს სხალთა-ხიხანის ხეობაში არსებული ისტორიულ-კულტურული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, მოინახულეს სხალთის მამათა მონასტერი, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, დალაშქრეს ხიხანის ციხე და გაეცნენ სოფელ ხიხაძირში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებს. მეორე დღეს კი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ხიხაძირიდან თეთრობის იაილების გავლით, რომელიც მთლიანად ალპურ ზონაში გადის, კურორტ ბეშუმში გაემგზავრნენ, სადაც ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს "შუამთობა" დაესწრნენ.
ინფოტურის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი და იქ გარსებულ და დაგეგმილ სერვისებს გაეცნენ. ორდღიანი გაცნობითი ტური მთიან აჭარაში მწვანე ტბის მონახულებით დასრულდა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა.
ამჟამად, მიმდინარეობს მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ტბის ირგვლივ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარებასა და პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.