ინტელექტუალური სარგებელი და კომპანიის განვითარება - ეს ის 2 ძირითადი ფაქტორია, რის გამოც „სუფთა სამყარომ“ „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობა გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელი აპოლონ გოლეთიანი იმედოვნებს, რომ ამ თანამშრომლობით კომპანია განვითარების ახალ საფეხურზე ავა.
„სუფთა სამყარო“ 2005 წლიდან არსებობს და საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციას ემსახურება. 2015 წელს „სუფთა სამყარო“ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ დარგის ლიდერად დასახელდა. თითოეულ დამკვეთს თავისი მენეჯერი ჰყავს, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხს აკონტროლებს. ეს არის მიმართულება რომლითაც სუფთა სამყარო საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატ, ISO 9001:2008-ს მფლობელია.
მრავალწლიანი გამოცდილების და თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, „სუფთა სამყარომ“ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა და დაახლოებით ერთი თვის წინ „სინერჯი კაპიტალთან“ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში თავდაპირველად მოხდება „სინერჯი კაპიტალის“ მიერ „სუფთა სამყაროს“ დეტალური შეფასება და კომპანიის ზრდის სტრატეგიის დამუშავება.
ცნობისათვის, სინერჯი კაპიტალი სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.
„სინერჯი კაპიტალის“ პორტფელში კომპანიის დამატება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად ხდება პირველადი შეფასება, რაც დაახლოებით 1 კვირა შეიძლება გაგრძელდეს. პირველადი ანუ ზოგადი შეფასების საფუძველზე „სინერჯი კაპიტალი“ კომპანიას უკეთებს პირველად შეთავაზებას კაპიტალში შესვლის პირობებზე. თუ შეთავაზება კომპანიისთვის მისაღებია, „სინერჯი კაპიტალთან“ ფორმდება მემორანდუმი, რაც კომპანიაში დეტალური დიაგნოსტიკის საფუძველი ხდება. ამ დროს იწყება დეტალური შესწავლის პროცესი და კომპანიის ზრდის სტრატეგიის შემუშავება - თვითონ კომპანიის შესწავლა ხდება დეტალურად (ინდივიდუალური ინტერვიუები ტარდება თანამშრომლებთან, ადგილზე ხდება დათვალიერება არსებული საწარმოო, მომსახურების თუ სხვა სივრცეების, წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა ხდება კომპანიიდან დეტალური ანალიზისთვის), ასევე ხდება ბაზრის, კონკურენტების კვლევა-ანალიზი და ა.შ. ასეთი შესწავლა აუცილებელია, რათა „სინერჯი კაპიტალმა“ დაინახოს ერთი მხრივ ამ კომპანიის ზრდის სტრატეგია და მეორე მხრივ, ის რისკები/საფრთხეები, რაც ამ კომპანიაში შესვლას შეიძლება უკავშირდებოდეს. ამის საფუძველზე ზუსტდება, რა ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება 2 კომპანიას შორის.
სწორედ დეტალური კვლევა მიმდინარეობს ამ ეტაპზე „სუფთა სამყაროში“: „ერთი თვეა „სინერჯი კაპიტალთან“ მემორანდუმი გავაფორმეთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამით არ დაწყებულა, ჩვენ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობდით სინერჯის გუნდთან და ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ამ ეტაპზე „სინერჯი კაპიტალის“ მიერ მიმდინარეობს კომპანიის შესწავლა, ტარდება ინტერვიუები დასაქმებულებთან. ვფიქრობ, რომ დაწყებული თანამშრომლობა შედეგიანი იქნება - მივიღებთ ინტელექტუალურ სარგებელს და კომპანიის განვითარება ახალ საფეხურზე გადავა. ვიცით, რომ „სინერჯი კაპიტალი“ დაგვეხმარება ორგანიზაციული განვითარების საკითხებში, რასაც ახალი კავშირები მოჰყვება“, - განაცხადა „სუფთა სამყაროს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა აპოლონ გოლეთიანმა.
გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის შესახებ.
1. განხორციელებული საინვესტიციო პროექტები
2. გუნდი
3. სიახლეები