მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგების ცენტრის (CWUR ) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, საქართველო წელს პირველად მოხვდა. საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რომლებიც მსოფლიოს 18 000 უნივერსიტეტიდან 2000 საუკეთესოში მოხვდნენ. კერძოდ, World University Rankings 2019-2020-ის შედეგებით, თსუ - 1073-ე, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგების ცენტრი - CWUR, არის წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს აფასებს ეროვნული რანგის, გავლენის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, ასევე, სწავლების, ფაკულტეტებისა და პუბლიკაციების ხარისხით. ამასთან, ცენტრი არ ეყრდნობა უნივერსიტეტების მიერ მიწოდებულ მონაცემებს და იგი თავად აგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას. რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ კი, ორგანიზაცია რეკომენდაციებს აძლევს როგორც მთავრობებს, ისე უნივერსიტეტებს საკუთარი შედეგების გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით, თსუ-მ 69,9 ქულა, ხოლო ილიაუნმა 67,5 ქულა მიიღო. (მაქსიმალური ქულა არის - 100)
CWUR-მა კვლევები 2012 წლიდან დაიწყო, თუმცა 2014 წლიდან კიდევ უფრო გაფართოვდა და მთელი მსოფლიოს 18 000 უნივერსიტეტი მოიცვა. ორგანიზაცია ყოველწლიურად 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს ავლენდა, თუმცა წელს მათი რაოდენობა გაიზარდა და 2000 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი გამოავლინა.
რაც შეეხება ტოპ-ათეულს, წლების განმავლობაში ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები პოზიციონირობენ, როგორებიცაა: სტენფორდი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, ოქსფორდი, ბერკლი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და ა.შ. თუმცა მათ შორის ლიდერის პოზიციას ჰარვარდი არ თმობს და წლების განმავლობაში პირველ ადგილზეა.