კომერციული სექტორისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფი მცირდება

კომერციული სექტორისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფი მცირდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკ-მა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელზეც "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფებზე იმსჯელეს.

"დღეს სემეკ-მა განიხილა "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფები. კომერციულ სექტორში გვაქვს უმნიშვნელო შემცირება მაღალ და დაბალ ძაბვაზე, დაახლოებით 0.07 თეთრის ფარგლებში. რაც შეეხება საშუალო ძაბვას, აქ გვაქვს მნიშვნელოვანი შემცირება 1.25 თეთრის ოდენობით. ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ 2014-2015 წლებში განსახორცილებელი ინვესტიციების ჯამური რაოდენობა, დაახლოებით 71 მლნ ლარის ოდენობით", - განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, უცვლელი რჩება ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფი მოსახლეობისთვის. ირინა მილორავა კომისიის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ხსნის.

"მიღებულია გადაწყვეტილება და სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დარჩა იგივე. რამდენიმე პრობლემატური საკითხი იყო კომპანიასთან სამუშაო რეჟიმში. პირველი, ეს იყო პირველ პრივატიზაციასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც არ მოხვდა ტარიფში. მეორე იყო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი - წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიამ არ მიიჩნია საკმარისად იმისთვის, რომ ეს ხარჯი ასახულიყო ტარიფში. ასევე იყო ინფლაციასთან და X ფაქტორთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არის სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული და აქ არც არაფერი შეიცვლებოდა", - განაცხადა მილორავამ. მისივე თქმით, აღნიშნული ტარიფი 2015 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ყოველ მომდევნო წელს კი მოხდება ტარიფის გაანგარიშება.