ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ ადგილობრივების პროტესტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეხმაურება

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ წინააღმდეგ ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეხმაურება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღებულია ატმოსფერული ჰაერის სინჯები.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, შპს "ამბიკონ სტილსი" ინსპექტირება განახორციელეს. ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღებულია ატმოსფერული ჰაერის სინჯები. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები,” - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მეტალურგიულ ქარხანას „ჰერკულესი“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ქარხანას არ აქვს ფილტრები და გამონაბოლქვი კორპუსებში შედის. მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი" ქუთაისში, 2009 წელს, ქართულ-ინდური ინვესტიციით გაიხსნა.