უკრაინა 65 კომპანიასა და 176 ფიზიკურ პირს სანქციებს უწესებს

უკრაინა 65 კომპანიასა და 176 ფიზიკურ პირს სანქციებს უწესებს.

როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანქციების შესახებ კანონი უმაღლესმა რადამ ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა.

"კანონის არსი მდგომარეობს სამართლებრივი მექანიზმების შექმნაში სექტორული და პერსონალური სანქციებისთვის იმ პირთა და ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინის ოკუპაციას მხარს უჭერენ, გამოდიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ტერორიზმსა და სეპარატიზმს", - განაცხადა პეტრენკომ.

მისივე თქმით, ახალი კანონი სამართლებრივ ბაზას ქმნის უკრაინისთვის, რათა აგრესორ ქვეყანას სანქციებით უპასუხოს.

"საუბარია 65 კომპანიაზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ანტიუკრაინულ ქმედებებთან და 176 ფიზიკურ პირზე, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა", - დასძინა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა.

უმაღლესმა რადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი 242 ხმით მიიღო.