თბილისში მდებარე, ახალაშენებული ყავის ქარხანა ArchDaily & Strelka Award-ის კონკურსში, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილ 15 საუკეთესო, ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობას შორის მოხვდა. გამარჯვებული 15 აგვისტოს გამოვლინდება, მანამდე კი ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ძალიან სასიხარულო სიახლე - ჩვენმა ერთობლივმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. ArchDaily & Strelka Award კონკურსში ინოვაციური დიზაინისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ,,ყავის ქარხანა” 15 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. კიდევ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალურ წარმატებამდე. ამისთვის საჭიროა, გადახვიდეთ ლინკზე და ხმა მისცეთ „იუნიქს დეველოპმენტის“ პროექტს ,,ყავის ქარხანა”. თქვენი ერთი ხმით შანსს გვაძლევთ მსოფლიომ გაიცნოს საქართველოში არსებული უნიკალური ,,ყავის ქარხანა”, რომელიც ანგრევს სტერეოტიპებს სტანდარტული ქარხნების შესახებ“,- აცხადებენ თბილისში მდებარე ყავის ქარხნის მშენებელ კომპანიაში Unix Development-ში.
აღნიშნულ კონკურსში თბილისის ყავის ქარხნის კონკურენტები არიან სხვადასხვა დანიშნულების შენობები ლიეტუვადან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელორუსიდან.
ცნობისთვის, თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მისი ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. რამდენიმე თვის წინ როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე ჭელიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება. პროექტის საინვესტიო ღირებულება კი დაახლოებით, 25 მლნ ლარია.