ველოდებით, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2019 წლის განმავლობაში 2.75-2.80 ნიშნულამდე გაძლიერდება, 2020 წელს კი - 2.60-2.65 ნიშნულამდე, - ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები ჯანსაღია და ლარი არსებულ ინდიკატორებთან მიმართებით ზედმეტად გაუფასურებულია. ამასთან, Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან პრიდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასა და სავაჭრო ემბარგოს გაზრდილი მოლოდინების ფონზე, ლარი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე 2.97-ის ნიშნულამდე გაუფასურდა.
"ტურისტული შემოდინებების ზრდის ტემპი შემცირდა და მან ივლისში 1% შეადგინა. რუსი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება კი, იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა (6.4%-იანი წლიური კლება). საავიაციო სანქციების შედეგები სახმელეთო გზით რუსი ვიზიტორების გაზრდილმა ნაკადმა და დსთ-ისა და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადებმა დააბალანსეს. გაცვლითი კურსის ზედმეტი გაუფასურების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველ აგვისტოს სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $32.8 მილიონი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად, ლარი 2.9%-ით გამყარდა, რის შემდეგაც კურსმა ისევ გაუფასურება დაიწყო", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.