Samsung Galaxy Note 10-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ Samsung-მა ნიუ-იორკში ახალი თაობის საფლაგმანო სმარტფონის Galaxy Note 10-ის მასშტაბური პრეზენტაცია გამართა. ახალი სმარტფონის უმთავრესი სიახლე - დიდი ეკრანი და 5G-ია.

როგორც წესი, Galaxy Note ხაზი კომპანიის სმარტფონებს შორის ყველაზე მოწინავე მოდელებია. ისინი ყოველ წელს პრაქტიკულად, ერთ პერიოდში გამოდის - აგვისტოს პირველ ნახევარში და ბაზარზე კონკურენციას უწევს iPhone-ის ფლაგმანებს. თუ Galaxy S ხაზის მფლობელები მასზე არჩევანს უბრალოდ ძალიან კარგი სმარტფონის გამო აკეთებენ, Galaxy Note-ს განსაკუთრებით ელოდებიან ტექნოლოგიური შესაძლებლობების მოყვარულები, რომლებისთვისაც უმთავრესია, რომ მათი სმარტფონი იყოს „გამოტენილი“ უამრავი შესაძლებლობით.

თუმცა ბოლო დროს ასეთი რევოლუცია არ მომხდარა და უფრო მეტიც, Galaxy S და Galaxy Note ზომებშიც კი მიუახლოვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ახლა ეს სიტუაცია გამოსწორდა და ფლაგმანობა აშკარა და თვალშისაცემია.

Samsung-მა პრეზენტაციაზე ერთდროულად ორი მდელი წარადგინა - Galaxy Note 10 და Galaxy Note 10 Plus. სწორედ ამ უკანასკნელს გააჩნია 5G მოდიფიკაცია.

Galaxy Note 10 უბრალოდ გიგანტურია - 6,3 დიუმით, ხოლო Galaxy Note 10 Plus — კიდევ უფრო დიდი 6,8 დიუიმით. ის კომპანიის ყველა სერიულ სმარტფონს შორის ყველაზე დიდია. მიუხედავად ზომისა, ორივე სმარტფონი მსუბუქია - ერთი 167 გრამს, მეორე კი 198 გრამს იწონის.

ახალ სმარტფონებს გაეზარდათ კამერების რაოდენობაც, ახლა მათ 4 და 5 უკანა კამერა აქვთ. სიახლეებს არ აქვს ყურსასმენების 3,5-იანი ბუდე და ამისთვის გამოიყენება USB Type-C. შეგიძლიათ გამოიყენოთ უსადენო ყურსასმენები. გაძლიერებულია ასევე ელემენტიც. მათ 3500 და 4300 მეგა ამპერი სიმძლავრის ელემენტები აქვს. გაუმჯობესებულია მათი დამუხტვის შესაძლებლობაც და ახლა ნახევარ საათში შესაძლებელია ერთი დღის საკმარისად მათი დატენვა. განახლდა მისი სტილუსიც S Pen - სწორედ მათი დამსახურებით უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული სმარტფონებით ბლოგერები და გეიმერები. მას ტექსტის ამომცნობი და სხვა უამრავი ფუნქცია აქვს დამატებული. სმარტფონს გააჩნია დისტანციური მარვის ფუნქცია 10 მეტრის სიშორიდან.

Note 10-ს გაუჩნდა ფუნქციაც - Screen Recorder. ახალი სმარტფონებს გააჩნია სახის ამომცნობი ფუნქცია, ხოლო თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანის ქვეშაა განთავსებული.

ორივე სმარტფონის გაყიდვები თვის ბოლოდან დაიწყება. Note 10+ $1,100 დოლარი ეღირება, 5G ვერსიით კი $1,300.

კოკა კვირკველია