მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს

თბილისის მერია "სითი პარკთან" არსებული ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის წევრებმა "სითი პარკის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთეს. როგორც თავად დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ის კომპანიის ხელმძღვანელობას სექტემბრის ბოლომდე აძლევს ვადას ხელშეკრულებაში გონივრული, გაანგარიშებასა და მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებების შეტანისთვის.

"ეს ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხის და ქალაქის ინტერესებს. ის არის კონკრეტული ფირმის და მასთან დაკავშირებული პირების გამდიდრების საშუალება. არსებული კონტრაქტით მუნიციპალიტეტი მხოლოდ უსუსური წარმონაქმნია. მოვემზადოთ ხელშეკრულებაში ცვლილებებისთვის – გონივრულ და გაანგარიშებაზე, ასევე მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის. გთავაზობთ, სექტემბრის ბოლომდე ჩამოვყალიბდეთ, როგორ შეიძლება შევცვალოთ ხელშეკრულება", - მიმართა კომპანიის ხელმძღვანელობას დავით ნარმანიამ.

ამასთან, ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, "სითი პარკმა" უნდა გაითვალისწინოს, რომ მერიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ის დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ, არ შეესაბამება იმას, როგორიც უნდა იყოს მილიონნახევარი ადამიანის მიერ არჩეული ორგანო.

"მერიაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და მოვიდა ახალი, რომელიც თბილისელებზე ზრუნავს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიასა და მერიას შორის გაფორმდა და ვფიქრობ, ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ კონტრაქტს მომავალი არ უწერია", - განაცხადა მარგიშვილმა.

კიდევ ერთი ვიცე-მერის, გიორგი ხელაიას განცხადებით კი, თანამშრომლობა მაშინაა შესაძლებელი, როცა მხარეებს შორის სასტარტო პირობები თანაბარია.

თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ, "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ აღნიშნა, რომ მერიის ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"ვიცით, რომ არჩეული ხართ ხალხის მიერ, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარის მიერ არის დადებული და იმედი მაქვს იმის, რომ ამას ორივე მხარე პატივს სცემს. თუ რაიმე უკეთესს შემოგვთავაზებთ, შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა შეიცვალა, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებაც", - აღნიშნა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა, თბილისის მთავრობას წარუდგინონ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, მათ შორის მიმოწერა, რაც კი მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასა და კომპანიას შორის ყოფილა. ასევე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია.