დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის მესამე ნაწილი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, პიქსელის შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე, 2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცლებს.
„ჭავჭავაძის გამზირზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მესამე ნაწილზე, პიქსელის შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე, წყალმომარაგების სისტემას სრულად ცვლის, რაშიც კომპანია 3.8 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 24 საათიან რეჟიმში, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტის მესამე ნაწილი სექტემბრის დასაწყისში დასრულდება“, - განაცხადა „ჯივიპის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზურაბ ალფაიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ჯივიპიმ“ ჭავჭავაძის გამზირის პროექტის I და II ნაწილზე, ჭავჭავაძის პირველი ნომრიდან პიქსელის შენობამდე, ჯამში 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად შეცვალა, რაშიც 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.