საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კვლავ იმატებს „ფიშინგის“ შემთხვევები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ საბანკო ასოციაციის ორგანიზებით კიბერდანაშაულთან, კერძოდ „ფიშინგთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ძნელაძე აცხადებს, საბანკო სექტორში კიბერდანაშაულის შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეების მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ საკითხზე კოორდინირებულ მუშაობასთან დაკავშირებით.
„შევთანხმდით ინფორმაციის გაცვლაზე, რადგან დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის პრევენცია, პრევენცია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისგან, ისე სტრუქტურებისგან, ვისაც მოეპოვება აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია. მეორე მხარეა ინფორმაციის გავრცელება და მიტანა ყველა მომხმარებლამდე, რა სახის თაღლითობები არსებობს და როგორ შეუძლიათ მათგან თავის დაცვა“, - განაცხადა ძნელაძემ.