3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურსის Future Agro Challenge-ის ფინალშია. საქართველოს გუნდს დავით მიზანდარი წარადგენს. ის 60 საუკეთესო კონკურსანტთან ერთად FAC Global Championship-ზე გამოვა.
FAC Global Championship მთავარი გლობალური აგროპრენერული სამიტია, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება. ჩემპიონატი გამარჯვებულ გუნდებს მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს.
Future Agro Challenge არის მსხვილი გლობალური ინიციატივა, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს. ინიციატივის მიმართულებებია: საკვები, აგროტექნელოგიები, აგროტურიზმი და აგროკულტურა.
წელს Tbilisi Startup Bureau-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს და ბილაინი – Beeline-ს მხარდაჭერით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო Future Agro Challenge-ს. კონკურსში მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო, რომელთაგან გამოვლინდა 1 საუკეთესო.
პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლის - ქვევრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებას. ქვევრების საბეჭდად სპეციალურად შეიქმნება ახალი კერამიკული 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ 1000 – 1500 ლიტრი მოცულობის ქვევრების დამზადებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე ქვევრების წარმოების სრული პროცესების სტანდარტიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს დღეს ბაზარზე არსებული დაბალი ხარისხის პროდუქცია ჩავანაცვლოთ მაღალტექნოლოგიური წარმოებით და დავაკმაყოფილოთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნა, ასევე შევძლოთ ექსპორტი. პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად: 1- ქვევრის საბეჭდი 3D პრინტერის შექმნა და საწარმოო პროცესების სტანდარტიზაცია. 2 - ინდუსტრიული წარმოებისათვის ქარხნის მშენებლობა და პროდუქტის რეალიზაცია. პროექტი შეუწყობს ხელს როგორც ქვევრის ხარისხის გაუმჯობესებას და დაიბრუნებს მის პირვანდელ სახეს (შიგნიდან გასანთვლის და გარედან დაცემენტების გარეშე), ასევე განავითარებს ღვინის ორგანოლეპტიკურ და ბუნებრივ მახასიათებლებსაც.
ჩემპიონატზე მოწინავე ადგილის დასაკავებლად საჭიროა ონლაინ ხმის მიცემა, რისთვისაც აუდიტორიის აქტიურობა მნიშვნელოვანია.
გთხოვთ, ეწვიოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს და ხმა მისცეთ პროექტს ღილაკით VOTE.