მე დარწმუნებული ვარ, რომ ვახტანგ წერეთლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეში ვერ დადგება, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ვახტანგ წერეთელმა დღეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
ადვოკატის განცხადებით, კითხვები, რომელიც გამოძიებამ მის დაცვის ქვეშ მყოფს გამოკითხვაზე დაუსვა, ეხებოდა 11 წლის წინ „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს.
კახა წერეთლის თქმით, დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, როგორც მას, ასევე მის დაცვის ქვეშ მყოფს, ვახტანგ წერეთელს.
„ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო ეს დაბარება და აქამდეც არაერთხელ გაჟღერდა. რაიმე ახალზე, განსაკუთრებულზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ტრადიციულად მოწმე გაფრთხილებული იქნა და მათ შორის მე, ადვოკატიც მონაცემების გახმაურებისგან თავის შეკავების თაობაზე. ამიტომ, დეტალებზე საუბრისგან შეზღუდული ვართ. ერთი შემიძლია, იგივე გავიმეორეო, რომ შეკითხვები შეეხებოდა 10-11 წლის წინ განხორციელებული კონკრეტული ტრანზაქციის დეტალებს“, - განაცხადა კახა წერეთელმა.
კითხვაზე, დარჩა თუ არა განცდა, რომ ინტერესი ტელევიზიის მიმართ არის, ადვოკატი პასუხობს, რომ განცდებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
„როგორც ადვოკატი, თავს შევიკავებ ჩემს განცდებზე საუბრისგან. მოგახსენეთ, რომ ხელი გვაქვს მოწერილი დეტალების გაუხმაურებლობაზე“, - აღნიშნა კახა წერეთელმა.
ასევე კითხვაზე, ვახტანგ წერეთელი ადასტურებს, თუ არა იმ ტრანზაქციის არსებობას, რა სქემაც პროკუტატურამ წარმოადგინა - „თიბისი ბანკიდან“ სესხის აღება და და იგივე რიცხვებში ამ თანხის გასესხება ხაზარაძე- ჯაფარიძეზე?! ადვოკატის თქმით, წარმოდგენილი იქნა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციები, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცა.
„წარმოუდგინეს დოკუმენტები, დოკუმენტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, თუმცა მოგახსენებთ, რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის დეტალებზე იყო საუბარი და ამაზე შესაბამისი პასუხებიც იქნა გაცემული. ვინაიდან გამოძიებამ უფლება არ დაგვიტოვა, ამ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კახა წერეთელმა.